პოლიტიკოსი ანა დოლიძე ბოლო პერიოდში თავისი პირადი ამბების გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ.
საარჩევნო ციებ-ცხელების დროს თავისი ორსულობა არ გაამხილა, რადგან არ უნდოდა, რომ ეს გამხდარიყო მთავარი თემა. მეუღლის ვინაობას კი ამ ეტაპზეც არ ამხელს.
ანა დოლიძეს პირველი ქორწინებიდან მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ვაჟი, ანდრო ჰყავს, ახლა კი, 40 წლის ასაკში, მეორედ დაქორწინდა და მეორე შვილს ელოდება. ჯვრისწერა ვიწრო წრეში უკვე შედგა, თუმცა წყვილს სუფრა არ გაუკეთებია, პანდემიის გამო.
ანა დოლიძე პირადი ცხოვრების დეტალებზე ,,სარკესთან” საუბრობს.
ანა დოლიძე:
„ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია და სრულიად აპოლიტიკური ადამიანია. ვინაობას არ გეტყვით, სანამ შევძლებ, ამასაც დავმალავ. ერთმანეთი კარგა ხნის წინ, ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანით. ყველაფერი თავისთავად განვითარდა.
კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის ჯვარი დავიწერეთ. კარგა ხანს ველოდებოდით პანდემიის დამარცხებას, რომ საშუალება გვქონოდა ხალხმრავალი ქორწილის გადახდის, ახლაც გვინდა ქორწილი.
მიზეზი გვინდა, რომ შევიკრიბოთ. ისე მოგვენატრა მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულებები, თუმცა, როგორც ჩანს, კარგა ხნით გადაიდება“.