„ბუნებამ მას ყველაფერი მისცა – სილამაზე, შესანიშნავი ხმა, ნიჭი და ერთში დაჩაგრა – არ მისცა ბედი!“ – ამბობდა რეჟისორი რობერტ სტურუა თათია ხაინდრავაზე.
ულამაზეს მსახიობ ტათია ხაინდრავას, მართლაც არ გაუმართლა სიყვარულში – 1957 წელს მსახიობ რამაზ ჩხიკვაძისგან ქალიშვილი მარიამი შეეძინა, მაგრამ მათი თანაცხოვრება, სამწუხაროდ არ შედგა… თუმცა, როგორც თავად ამბობდა, ამ სიყვარულმა მისცა მას ყველაზე დიდი ბედნიერება – მირანდა. „მე ვიპოვე ბედნიერება, ჩემი შვილის სახით!“ – ამბობდა მსახიობი.
თათია ხაინდრავას ქალიშვილი, მარიამ (მირანდა) ხაინდრავა „პრაიმტაიმთან“ მამაზე – რამაზ ჩხიკვაძეზე, აქამდე უცნობ ისტორიებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მის გამო, რამაზს ძალიან დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ოჯახში, ნატაშას მხრიდან… ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ, არასდროს შეხვედრია!
ვარ მუსიკოსი – მევიოლინე, ვმუშაობ სიმფონიურ ორკესტრში, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. 8 წლამდე დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი.
ბებია, (კონსტანტინე გამსახურდიას და), სოფიო გამსახურდია რომ გარდაიცვალა, მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან, რამაზ ჩხიკვაძის მშობლებთან – გრიგოლ (გიგიშა) ჩხიკვაძე და ელენე გაჩეჩილაძესთან გადავედი საცხოვრებლად.
– დიდიხანს ცხოვრობდით ბ-ნ რამაზის მშობლებთან?
რა თქმა უნდა, გარდაცვალებამდე, მათთნ ვიყავი. მათ გამზარდეს, ძალიან მიყვარდა ორივე. დადაჩემი, მსახიობი თათია ხაინდრავა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას დისშვილი იყო, ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში, მაგრამ ძირითადად, ბებია-ბაბუა მზრდიდნენ. არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო, არ მინდა, რომ მამა ვუწოდო რამაზ ჩხიკვაძეს, რადგან ძალიან გულნატკენი ვარ.
8 წლის ვიყავი, საცხოვრებლად რომ გადავედი. 1987 წელს, ორივე თითქმის ერთდროულად გარდაიცვალა და მანამდე, ძირითადად მათთან გავატარე. სახლი, სადაც ვცხოვრობდი, უზნაძის (კამოს) ქუჩა №4 -ში მდებარეობდა. ბაბუა – გრიგოლ ჩხიკვაძე პროფესორი, დოქტორი, ფოლკრორისტი, საქართველოში ფოლკლორის ფუძემდებელი, ღვაწლმოსილი ადამიანი იყო.
მისი მამა, ზაქარია ჩხიკვაძე საზოგადო მოღვაწე, ლოტბარი, პედაგოგი, მრავალი სამუსიკო სკოლის დამაარსებელი, საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მრავალი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის შემგროვებელი, ქართულ სიძველეთა დამცველი.იყო. ამავე დროს, ვაჟა- ფშაველას ახლო მეგობარი.
ბაბუა გრიგოლი, ძალიან დიდი კაცი იყო. ძირითადად, მან გამზარდა, სწორედ, მისი დამსახურაბაა, დღეს რომ მევიოლინე ვარ! ვიოლინოზე კარგად უკრავდა და მეც ბავშვობიდან მასწავლიდა. მისი დამსახურებაა ასევე, რომ წარჩინებით დავამთავრე კონსერვატორია. მისი წყალობით დავეუფლე ჩემ პროფესიას, რა თქმა უნდა, დედაც არ მაკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ სულ სხვა იყო, რომ მუსიკალურ ოჯახში მომიწია ცხოვრება.
– რატომ არ ცხოვრობდით დედასთან?
რამაზის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათთან მეცხოვრა, დედაც დათანხმდა და გადაწყვიტა, რომ ჩემთვის, ასე უკეთესი იქნებოდა. ძალიან დიდ პატივს ცემდა რამაზის მშობლებს და ასევე, ისინიც. მშობლებს, გარკვეული მიზეზების გამო, რამაზთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, უფრო ბოლო წლებში აღადგინეს ურთიერთობა. გაგრძელება