თუ თქვენ მუსიკის და სოციალური ქსელების მოყვარულები ხართ, იმანბეკ ზეიკენოვის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ, მითუმეტეს “გრემის 2021” წლის ცერემონიალის შემდეგ, სადაც 20 წლის დიჯეიმ არაკლასიკურ კატეგორიაში პრიზი მიიღო.
იმანბეკ ზეიკენოვი ყაზახეთის ჩრდილოეთ რეგიონიდან, პავლოდარიდან, 14 მარტს, რიგით 63-ე ცერემონიაზე ლოს-ანჯელესში, დააჯილდოვეს არაკლასიკური მუსიკის კატეგორიაში საუკეთესო რემიქსის, რეპერ Saint Jhn-ის კომპოზიციის, „ვარდების“ ვერსიისათვის.
“მუსიკოსისთვის გრემის მიღება ყველაზე საუკეთესო რამ არის და ჩვენ ეს შევძელით”, დაწერა ზეიკენოვმა ინსტაგრამში მას შემდეგ, რაც გამოცხადდა მისი გამარჯვების შესახებ.
ქალაქ აქსუში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ზეიკენოვი სარკინიგზო სკოლაში სწავლობდა და სარკინიგზო კომპანიაში მუშაობდა.
თუმცა თავისუფალ დროს ყოველთვის მუსიკით იყო დაკავებული. ყაზახმა ბიჭუნამ მისი საყვარელი სიმღერის Roses მიქსი პირველად 2019 წელს გააკეთა და სოციალური ქსელის პირად გვერდზე ატვირთა, სადაც ის რკინიგზის თანამშრომლებმა და მეგობრებმა ნახეს.
მან რემიქსი გაუგზავნა Saint Jhn-საც, რომელთან დაკავშირებაც ინსტაგრამის მეშვეობით სცადა, თუმცა ცნობილი მუსიკოსის წარმომადგენლებს ყაზახი რკინიგზელისთვის პასუხი არც კი მიუწერიათ.
დროთა განმავლობაში სიმღერა პოპულარული გახდა. ის მოხვდა YouTube -ზე და ამერიკული Billboard Hot 100-ის ყველაზე პოპულარული ჰიტების პირველ ხუთეულში. ხოლო shazam-ში მესამე ადგილზე მოხვდა.
მართალია Saint Jhn-მა იმანბეკს ინსტაგრამზე არც კი უპასუხა, მაგრამ 20 წლის დიჯეის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩა Effective Records-ს და კომპანიამ გადაწყვიტა მას პოპულარიზაციაში დახმარებოდა და პოპულარობაც ასე გაიზარდა.
Saint Jhn-მა სიმღერის რემიქსის შემდეგ გადაწყვიტა ყაზახ დიჯეის დაკავშირებოდა და ერთობლივი ტრეკის გამოშვება დაგეგმეს.
იმანბეკ ზეიკენოვი თვლის, რომ პოპულარობა დროებითია, ამიტომ სიმღერიდან მიღებულ შემოსავლებს არ ხარჯავს და ფულს ზოგავს. მან მხოლოდ რამდენიმე პიჯაკი შეიძინა.
გასულ წელს, მან რამდენიმე ტრეკი გამოუშვა, მაგრამ მსოფლიო ჩარტებში მხოლოდ ერთი მოხვდა. რის შემდეგაც მან ერთობლივი პროექტი განახორციელა რიტა ორასთან და დევიდ გუეტასთან.
პროდუსერები ვარაუდობენ, რომ “გრემის” მიღების შემდეგ, მასთან არაერთი ვარსკვლავი ითანამშრომლებს.
რაც შეეხება რკინიგზას, სადაც ყაზახი დიჯეი მუშაობდა, ის დღეს გრემის მფლობელის გარეშე განაგრძობს მუშაობას, რადგან ზეიკენოვი თვლის, რომ მისთვის პრიორიტეტი მუსიკაა.