ავტორ-შემსრულებელი თეონა ქუმსიაშვილი 27 იანვარს 37 წლის გახდებოდა. პანდემიის გამო, მის პოეტ ქმარს, გელა დაიაურს ამ დღის “აღნიშვნა” მოკრძალებულად მოუხდა. ტრადიციულად, ამ დღეს უნივერსიტეტში, სხვებთან ერთად ანსამბლი “გორდელა” თეონას სიმღერებს მღერის ხოლმე.
გელა დაიაური: – სახლთან ახლოს, პატარა ეკლესიაში დავუნთე სანთელი. უტრანსპორტობის გამო, სხვაგან ვერსად გავედი. მერე სახლში, ძალზედ ვიწრო წრეში შესანდობარი ვთქვით.
საერთოდ უნივერსიტეტში ვაკეთებდი საღამოებს. თეონას კადრებს ვუშვებდით მონიტორზე. “გორდელა” მღეროდა, ვინც იცნობდა, ის საუბრობდა მასზე.
ბოლოს უკვე ვფიქრობ, მრგვალი თარიღები აღვნიშნო. 40 წლის რომ გახდება, თუ მშვიდობა იქნა, მის საიუბილეო საღამოს გავაკეთებ.
პანდემიის დროს, გელას ლექსები დაუგროვდა. სანამ გარკვეული რაოდენობის ლექსი კრებულისთვის არ დაუგროვდება, მანამ არ სურს მათი სოციალური ქსელის მეშვეობით გამომზეურება.
“ორი წლის გამოვიდა ჩემი კრებული სახელწოდებით – “ჩემო ბულბულო”, რომელიც თეონას და ბავშვებს მივუძღვენი. ვაგრძელებ ლექსების წერას. პოეზია ხომ ისეთი დაავადებაა, რომელიც არ რჩება. მეგობარმა ოფიციალური გვერდი გამიკეთა, მაგრამ მირჩევნია, ახალი ლექსები იქ არ განვათავსო. ჩემთვის ვაქუჩებ, ციყვივით და მერე კრებულად გამოვცემ” – გვიყვება გელა.
ამბობს, რომ ყველაფერზე წერს, როგორც ადრე. მით უფრო ახლა, როდესაც უმუშევარია და მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა.
გელა: – 1990 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც არ ვმუშაობ. აგერ უკვე მეორე თვეა. სამსახურის ძიებაში ვარ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სულ სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემი ოპოზიციური განწყობის გამო, ოცდაათწლიანი მუშაობის შემდეგ, უმუშევარი ვარ. ვეძებ სამსახურს.
ამბობს, რომ თეონას ხშირად ნახულობს სიზმრად, თუმცა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს თავს არიდებს. არც იმას მალავს, რომ თუ “თავისი ადამიანი” შეხვდება, დაოჯახდება, რადგანაც მარტოობამ დაღალა.
გელა: – ათი წელზე მეტი გავიდა ჩემი ტრაგედიიდან, მარტოობამაც დამღალა. არასდროს მითქვამს, არ დავოჯახდები-მეთქი. მთავარია, შემხვდეს ადამიანი და უარს არ ვიტყვი. ვერც იმას გეტყვით, რომ ვეძებ.
ბევრი ჭორი გამიგია ჩემზე. თავიდან ძალიან ვღიზიანდებოდი. უკვე მოვდუნდი. ამბობდნენ, ცოლი მოყავს, შვილს ელოდებაო… ძმაკაცს ოჯახი დაუნგრია, ცოლი წაართვაო, ესეც კი თქვეს. პირველ ცოლს დაუბრუნდაო… ათას რამეს ვისმენდი. ზოგჯერ ვბრაზობდი, ზოგჯერ ვხარხარებდი… მძიმე ცხოვრება მაქვს, მაგრამ ეტყობა, რახან ცნობილი სახე ვარ, აინტერესებთ.
დავიღალე ყველაფრით, უფრო – მარტოობით. თუ შემხვდება – შემხვდება. მთავარია, ფეხზე ვდგავარ.
გელას თავს ტრაგედია ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან დატრიალდა. დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავტოკატასროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ პოეტ გელა დაიაურის ცოლ-შვილი, თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად… საჭეს ბერდია არაბული მართავდა. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.